მგლის სიმბოლო სკანდინავიურ მითოლოგიაში

სკანდინავიურ მითოლოგიაში (ისევე როგორც სხვა არაერთ კულტურაში) დიდი როლი უჭირავს მგლის სიმბოლოს. სკანდინავიაში მგლის რამოდენიმე სახეა წარმოდგენილი, და ისინი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებებით არიან დაჯილდოვებულნი.

აქ ჩვენ ვხვდებით ოდინის ორ თანამგზავრ მგელს – გერის (“ძუნწი”) და ფრეკის (“გაუმაძღარი”). ისინი უბრალოდ ცხოველები არ არიან, არამედ მითოლოგიური არსებები, რომლებიც ოდინის ფიზიკურ ძალას განასახიერებენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მგელი ფენრირის როლი, ლოკის ერთერთი შვილი, ღმერთების მტერი, რომელიც უმაღლეს ასებთან იზრდებოდა. იმისთვის რომ ასებს უსაფრთხოდ ეგრძნოთ თავი, ის ჯადოსნური ჯაჭვით დააბეს, ვინაიდან სხვა ყველა ჯაჭვს ფენრირი ადვილად წყვეტდა. მასთან ახლოს მისვლას და მის გამოკვებას მხოლოდ ომის და სიმამაცის ღმერთი, ტიური ბედავდა. მანვე გაიღო მსხვერპლად საკუთარი ხელი, რომ ამ ჯაჭვით დაებათ იგი. ვოლვების წინასწარმეტყველების მიხედვით, რაგნაროკის დღეს ფენრირი ოდინს მოკლავს, მასზე კი ოდინის შვილი – ვიდარი იძიებს შურს. მიუხედავად წინასწარმეტყველებისა, ასებმა ფენრირი არ მოკლეს, ვინაიდან იმდენად სცემდნენ პატივს თავიანთ წმინდა სამყოფელს, რომ ის “მგლის სისხლით არ შელახეს”.

სკანდინავიურ მითოლოგიაში კიდევ ორ მგელს ვხვდებით, ფენრირის შვილებს – ჰატის (“მოძულე”) და სკიოლს (“მოღალატე”). ჰატი ყოველ ღამე ფეხდაფეხ მისდევს მანის (მთვარეს), რომ გადაყლაპოს ის, სკიოლი კი სოლს (მზეს). როდესაც ჰატი და სკიოლი ძალიან უახლოვდებიან მთვარეს და მზეს, ლეგენდის მიხედვით, სწორედ ამ დღეებში ხდება მათი დაბნელება. ვოლვების წინასწარმეტყველების თანახმად რაგნაროკის დღეს ისინი დაეწევიან მათ და გადაყლაპავენ.