მიმირი

წყარო: „იოტუნების წიგნი“

ავტორი: Raven Kaldera (c)

……………………………………..

მიმირი – ბიოლტორნის შვილი და ბელგელმირის, ყინულოვანი გოლიათების (ეტუნები/იოტუნები) მოდგმის დამაარსებლის შვილიშვილია. როდესაც იმირი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მიმირი იმ პერიოდის მიწისქვეშა სამყაროში, იორმუნგრუდში გაემგზავრა, და პირველქმნილი სიკვდილის ღმერთის – ჰელის მეუღლე გახდა (ნუ აგვერევა ჰელი ლოკის შვილ ჰელასთან). დატბორვის შემდგომ ჰელმა ის ცოცხალთა სამეფოში გაუშვა და წმინდა წყაროს (ჭის) მცველად დააყენა, რომელიც იოტუნჰეიმში სამყაროს ხის ერთერთი ფესვის ქვეშ გაჩნდა. ამ ჭაში მიმირი იმდენ ხანს იდგა წყალში ყელამდე , რომ მის მხრებზე კიოლენი (მთის მასივი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნორვეგიაში) ამოიზარდა. ბოლოს და ბოლოს მან თავისი პოსტის დატოვება გადაწყვიტა – სავარაუდოდ ქვეყნის ნახვა მოუნდა. დიდი ხნის არყოფნის შემდგომ, გოლიათების ძველი თაობიდან ვერცერთი ნაცნობი სახე ვერ ნახა. მამამისი – ბიოლტორნი, დატბორვის დროს დაღუპულიყო, მისი და – ბესტლა კი, ასგარდში გადასულიყო საცხოვრებლად, როგორც მას აცნობეს, საკმაოდ დიდ პატივში ცხოვრობდა იქ, როგორც ყოველთა მამის – ოდინის დედა. მიმირი თავისი დის მოსაძებნად ასგარდში გაემგზავრა. ოდინმა ის, როგორც მისი ბიძა, ხელგაშლით მიიღო. სიბრძნის ჭაში ყოფნის პერიოდში, მიმირმა ბევრი რამ ისწავლა, და ოდინს ხელს აძლევდა ასეთი ბრძენი პიროვნების მრჩევლობა.

მაგრამ, სულ მალე ასებმა შეიტყვეს, რომ იგდრასილის სივრცის გარშემო კიდევ ერთი რასა შეიქმნა. ესენი იყვნენ ვანები, რომელთაც საკუთარი სამყარო დააარსეს და მზად იყვნენ მის დასაცავად. დაიწყო ომი. რამდენიმე წლის განმავლობაში ბრძოლები წარიმართებოდა ცვალებადი წარმატებებით, საბოლოოდ, ასებმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს და ვანებს ზავის დადება და მძევლების გაცვლა შესთავაზეს. ოდინმა მძევლად ნიორდი – მეზღვაურთა მფარველი და მისი შვილები, ფრეირი და ფრეია მოითხოვა (უკანასკნელი მისთვის განსაკუთრებით ღირებული იყო – როგორც სიყვარულის ქალღმერთი და სეიტის მაგიაში კარგად გათვითცნობიერებული). ვანებმა, თავის მხრივ, ისეთი მძევლები ითხოვეს, რომლებიც სიბრძნით არ ჩამოუვარდებოდნენ ნიორდს და მის შვილებს. გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც მხოლოდ ოდინმა უწყოდა, გადაწყვიტა მიმირი გაეღო მსხვერპლად, მასთან ერთად კი თავისი ყველაზე უმცროსი ძმა – ჰიონირი, ახალგაზრდა, მორცხვი ასი, რომელიც ძალიან ლამაზი კი იყო, მაგრამ გონებით და მჭერმეტყველებით ნაკლებად ბრწყინავდა. მიმირმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რომ ოდინმა ის ვანებს მძევლად გადასცა და უარი გამოაცხადა ვანებისთვის ბრძენი მრჩევლის როლის თამაშზე, ვისთანაც არანაირი სისხლით ნათესაობა არ აკავშირებდა. ყოველ მათ შეკითხვას მიმირი პასუხობდა გრძელი, ზედმეტად პათოსური და აბსოლუტურად გაუგებარი ალეგორიული ფრაზებით. ჰიონირი კი მეტწილად ან ჩუმად იყო ან მიმირის ტირადებს იმეორებდა უაზროდ.

ბოლოს და ბოლოს, ამდენი ცინიზმის ფონზე, ვანებს ამოეწურათ მოთმინება და მიმირს თავი მოჰკვეთეს, ჰიონირი კი უკან – ასგარდში გაამგზავრეს და თან მიმირის მოკვეთილი თავი გაატანეს – როგორც ცნობა რისხვისა და ძლიერებისა. ის ფაქტი, რომ ვანებმა მათი ერთი მძევალი მოკლეს, ხოლო მეორე უარყვეს, ასებისთვის ახალი ომის დაწყების საბაბი უნდა გამხდარიყო, ან უკიდურეს შემთხვევაში იგივე პასუხი უნდა გაეცათ, მაგრამ მათ არც ერთი გააკეთეს, არც მეორე. ოდინი ძალიან აფასებდა ნიორდს და მის შვილებს იმისთვის, რომ უბრალოდ ამდგარიყო და მოეკლა, ხოლო ახალი ომის დაწყებას ვერ ბედავდა – და ვანებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ. მას შემდეგ ისინი მშვიდად ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით და, რაც მთავარია, ასებისგან დამოუკიდებლად; მეტიც, მათი ხმები ასების კრებებზე – ღირებული და გადამწყვეტი გახდა, ვერავინ ბედავდა უგულვებელყოფას.

ოდინმა აიღო მიმირის მოკვეთილი თავი და მაგიური ბალახების მეშვეობით მას სიცოცხლე დაუბრუნა იმისთვის, რომ უძველესი გოლიათის სიბრძნე კვლავ გამოეყენებინა. მაგრამ მიმირმა დაწყევლა თავისი დისშვილი, რის გამოც ოდინმა მისი თავი უკან – იოტუნჰეიმის ჭაში ჩააგდო. მიმირი დღემდე იმ ჭაში დაცურავს – ბებერი, დაღლილი, გაბოროტებული და ჭირვეული. ასე თუ ისე, ოდინს ერთხელაც ცოდნის საძებნელად მოუწია წასვლა – და გრძელმა გზამ, საბოლოოდ, ისევ მიმირის ჭასთან მიიყვანა. მიმირმა დისშვილს აზროვნებაზე და მეხსიერებაზე ძალაუფლება შესთავაზა – და მას ორი ყორანი აჩუქა, რომლებიც ამავე სახელებს ატარებდნენ (ჰუგინი – აზრი, აზროვნება; მუნინი – ხსოვნა,მეხსიერება), – მაგრამ სანაცვლოდ მოსთხოვა, რომ საკუთარი ხელით ამოეთხარა თვალი და მის ჭაში ჩაეგდო. როგორც ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილია, ოდინი დასთანხმდა. და დღემდე, მისი თვალი წყალქვეშა ვარსკვლავივით ისე კაშკაშებს მიმირის ჭაში, რომ ძირამდე ანათებს მას. ეს ჭა – იოტუნჰეიმში, ერთერთი ყველაზე პოპულარული „ატრაქციონია“: არცერთი მოგზაური არ უვლის მას გვერდს. აქ იგრდასილის დაგრეხილი ფესვები სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ იშლებიან, რომლებიც ადგილ-ადგილ მიწის ზემოთ ამოდიან, როგორც გიგანტური ბორცვები, და ერთ-ერთი ასეთი ფესვის ქვეშ, მღვიმეში შესასვლელის პოვნა შეიძლება. ჭა – აქ, ამ მღვიმეშია, და მასში უამრავი თავის ქალა და მოკვეთილი თავი დაცურავს. ზოგიერთი მათგანი – მიმირისთვის მირთმეული მსხვერპლია, ზოგიც – ტროფეი, რომელსაც ის მაშინ იღებს, როდესაც მნახველი სწორად ვერ პასუხობს მის შეკითხვებს. ეს თავის ქალები – გაფრთხილებაა იქ მიმსვლელისთვის: მათი დანახვისას ბევრს შიში უჩნდება და უკან მიდიან, მიმირს კი უხარია ეს ამბავი. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთერთი თავი მოტრიალდეს და საუბარი გაგიბას: ეს ნიშნავს, რომ მიმირმა პირველი ნაბიჯის გადმოდგმა გადაწყვიტა. მისი თავი – ბებერი და დანაოჭებულია, რომელიც გახვეულია თეთრ თმაში, როგორც მოსასხამში, და რომლის ძირებიც წყალში ლივლივებენ. მაგრამ ხშირად ის წყლის ქვეშ იმალება და გიწევს დიდხანს ეძახო. თავიდან, ამ ჭაში, შეგიძლია ცოტა სასმელი ჩაასხა, და საერთოდაც, მიმირისთვის საუკეთესო საჩუქარი ალკოჰოლი და ტკბილეულია, რომელიც ადვილად იხსნება წყალში. ვინაიდან მიმირს ტანი არ აქვს, საკვებისგან ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობს, მაგრამ მათი გემო ძალიან მოსწონს.

მიმირი – მიწისქვეშა წყლების ღმერთია, და მათ მსგავსად, მისი სიბრძნეც ასეთივე ღრმა და იდუმალია. მას პირდაპირი წვდომა აქვს ე.წ. „აკაშას ქრონიკების ბიბლიოთეკასთან“, და გარდა ამისა, ნორნებთანაც მეგობრობს. სწორედ ამის გამოა, რომ მას უამრავ კითხვებს უსვამენ. მაგრამ ის – ძალიან დაღლილი მოხუცია, კაპრიზული, ენამწარე და სასტიკი. იმის თქმას, რომ „ეს მოხუცი გიჟია“, – სჯობს არაფერი არ თქვა. მცურავ წინასწარმეტყველ თავად მუშაობა – დიდი ვერაფერი საქმეა, და ზოგიერთი მოგზაური დაუნანებლად აღნიშნავდა, რომ მისთვის ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთო, – მისცე ბოლოს და ბოლოს სიკვდილის და დასვენების საშუალება. თუკი მას მოეწონეთ, შეიძლება მართლაც გითხრათ რამე სასარგებლო, მაგრამ სავარაუდოდ მაინც სარკასტული იქნება და ბევრ საწყენ რამეს გეტყვით. თუ არადა – შეგიძლიათ სხვა დროს ინახულოთ. მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, იმდენად თქვენზე და თქვენს მირთმეულ ძღვენებზე არაა დამოკიდებული, რამდენადაც იმაზე, თუ როგორ ხასიათზე დაგხვდებათ. თუ მიმირმა გამოგიცხადათ, რომ თქვენს შეკითხვას გასცემს პასუხს, მხოლოდ იმ პირობით, თუ თქვენც გასცემთ მის შეკითხვას პასუხს, არ დასთანხმდეთ. ამ თამაშში მასთან გამარჯვება შეუძლებელია. ის დიდი ოსტატია ისეთი შეკითხვების დასმის, რომლებზე პასუხი არ გექნებათ, თუმცა იდეაში უნდა გქონოდათ, – შედეგი კი ის იქნება, რომ უკანასკნელ წამებს გაატარებთ იმაზე ფიქრში, რომ სრული იდიოტი ხართ, რის გამოც თქვენი მოკვეთილი თავი მორიგი ტროფეი აღმოჩნდება მის ჭაში. და არც კი იფიქროთ, რომ ის – მხოლოდ უსხეულო, წყალში მოტივტივე თავია, რომელსაც თქვენი მოკვლა არ შეუძლია. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ჭერიდან ან კედლებიდან ისე წამოვა ალესილიდანის პირები. მასთან ხუმრობა არ ღირს. თუკი შეამჩნევთ, რომ მიმირი „სისხლიან“ განწყობაზეა, მოუბოდიშეთ, რომ შეაწუხეთ, დაუტოვეთ ძღვენი და სწრაფად გაეცალეთ (იქნებ სხვა დროს უფრო კეთილგანწყობილი დაგხვდეთ). არ დაგავიწყდეთ, რომ თვით ოდინსაც კი მოუწია სიბრძნის მისარებად საკმაოდ დიდი მსხვერპლის გაცემა. ზედაპირულ, არასერიოზულ და ქარაფშუტულ მიდგომას ეს ღმერთი არ აიტანს.

მაშინაც კი, თუ მან თქვენს შეკითხვას უპასუხა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ შეუძლია სპეციალურად გამოტოვოს რამე მნიშვნელოვანი ან გამოცანის ფორმა მისცეს პასუხს, რის გამოც ხაფანგში გაებმებით, თუკი მის რჩევას გაითვალისწინებთ. მაგრამ ტყუილით არასდროს მოგატყუებთ. მიმირი არასოდეს იტყუება. სიმართლე – ეს იარაღია, და ამ იარაღს ის ვირტუოზულად ფლობს. თუკი ის შემოგთავაზებთ, რომ თქვენი სიკვდილის დღეს გაცნობებთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ეს შემოთავაზება. ცდუნება შეიძლება ძალიან დიდი იყოს, მაგრამ ბევრად დიდი ცდუნება დაგიდგებათ წინ: დადგება დრო, როცა თქვენ მოისურვებთ ამ თარიღის „გადაწევას“, ვირდას ქსელში და ნორნების მუსაობაში მსგავსი ჩარევა კი ბევრად მეტ უსიამოვნებებს მოგიტანთ. გარდა ამისა, უაზროდ დახარჯავთ შეკითხვას, სხვა შეკითხვებზე კი, მიმირმა, შეიძლება აღარ მოისურვოს პასუხის გაცემა.